"ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იცავენ თავიანთ უფლებას, იყვნენ ევროპელები" - ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი თბილისში ჩატარებულ “თავისუფლების მარშს“ გამოეხმაურა.

“ვულოცავ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც იცავენ თავიანთ უფლებას, იყვნენ ევროპელები!”  - წერს აუსტრევიჩუსი.

თბილისში, "თავისუფლების მარში" რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო და საქართველოს პარლამენტთან დასრულდა სლოგანით: “კი ევროპას! არა რუსულ კანონს!".

აქციაში სამოქალაქო აქტივისტები, მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ისინი მმართველი პარტიის მიერ ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას აპროტესტებდნენ.


პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. ბიუროს გადაწყვეტილებით, მასზე მსჯელობა 15 აპრილს, დილით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაიწყება.


როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.